უწყვეტი პროტესტის 700 დღე: ემიგრანტებმა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ვიდეოკოლაჟი „წინააღმდეგობა საზღვრებს გარეშე“ მოამზადეს
საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა და უწყვეტი საპროტესტო ტალღა 700 დღეს ითვლის. ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც წელიწადზე მეტია აქტიურად იბრძვიან საერთაშორისო ასპარეზზე, ახალი ვიდეოკოლაჟი სახელწოდებით „წინააღმდეგობა საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნეს.
კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გაერთიანება და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ხელისუფლების ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ორგანიზატორთა განცხადებით, საზღვარგარეთ გამართული აქციებითა და სოლიდარობის ღონისძიებებით ისინი პარტნიორი ქვეყნების ყურადღების მიპყრობას საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესზე ცდილობენ.
მოგესალმებით გერმანიის დედაქალაქ ბერლინიდან. სწორედ იმ გერმანიის, რომლის ელჩიც ბოლო 700 დღის განმავლობაში არაერთხელ გახდა "ქართული ოცნების" თავდასხმების სამიზნე. იმ გერმანიის, რომლის ფონდებიც ივანიშვილის მთავრობამ ამ ცოტა ხნის წინ საბოლოოდ დახურა საქართველოში, მაგრამ ამავდროულად იმ გერმანიის, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და ამ ათწლეულების განმავლობაშ სულ იდგა ჩვენს გვერდით.
700 დღეა გრძელდება უწყვეტი პროტესტი. პროტესტის მიზანია, დააბრუნოს საქართველო დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე. ეს მიზანი, ეს რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გვაერთიანებს ქართველებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, - ამბობს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ვიდეომიმართვაში.