"ის 88 მილიარდი საქართველოს მოქალაქეებს არ წაუგიათ..." - "ოცნება" აზარტული თამაშების წახალისების ბრალდებას უარყოფს
"ოცნების" გუნდი აზარტული თამაშების წახალისების ბრალდებას უარყოფს და მრავალმილიარდიან ბრუნვას უცხოელ ტურისტებს მიაწერს. უმრავლესობის წარმომადგენლის, ლადო ბოჟაძის განმარტებით, სამორინეებში დატოვებული თანხა არა ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ საერთაშორისო ვიზიტორების წაგებულია.
აზარტული თამაშების წახალისება არ არის, იმიტომ, რომ ახლაც კანონმდებლობით ლეგალურია აზარტული თამაშები ჩვენს ქვეყანაში. არაერთი ტურისტი, მათ შორის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, სამწუხაროდ, რამის დასათვალიერებლად არ ჩამოდის მხოლოდ. იგივე სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, რაც თქვენმა ტელევიზიამ გააშუქა, არის არა საქართველოს მოქალაქეების ნათამაშევი, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების. თქვენ გგონიათ, ახლა ჩვენ 88 მლრდ-ის პატრონები ვართ საქართველოში და კაზინოში წავაგეთ? არა. ეს არის საერთაშორისო ვიზიტორების ბრუნვაც, მათ შორის, - ამბობს ლადო ბოჟაძე.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ოფიციალურ „შავ სიაში“ 36 000-ზე მეტი პირი ფიქსირდება, თუმცა არასამთავრობო სექტორის მონაცემებით, ლუდომანიით დაავადებულთა რეალური რიცხვი 350 ათასს აღწევს — მათ შორის უამრავი მოზარდია.
მძიმე სოციალური შედეგებისა და ოჯახური ტრაგედიების ფონზე, სექტორი რეკორდულ მოგებაზე გადის:
-
მზარდი ბრუნვა: 2025 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო 2026 წლის მხოლოდ პირველ ორ კვარტალში უკვე 47 მილიარდ ლარს მიაღწია.
-
რეკორდული შემოსავლები: ქვეყნის 10 უმსხვილესი კომპანიიდან 7 სწორედ სათამაშო ბიზნესს წარმოადგენს. საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ონლაინ-ოპერატორების („აჭარაბეთი“, „ბეთლაივი“, „კრისტალბეთი“ და სხვები) შემოსავლები ასეულობით მილიონ ლარს ითვლის.
-
კავშირები ხელისუფლებასთან: კვლევების თანახმად, მსხვილი კომპანიების მფლობელები ძირითადად მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები არიან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ შეწირულების სახით თითქმის 1.5 მილიონი ლარი გადაურიცხეს, სათამაშო ბიზნესში ნაშოვნი კაპიტალი კი დედაქალაქში მასშტაბურ დეველოპერულ პროექტებში გადააქვთ.