ომბუდსმენის აპარატის მსგავსად, სახელმწიფო ინსპექტორიც ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს - სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნით კმაყოფილია. საქმე ეხება უწყების დასკვნას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებით და გასაჯაროებით პატიმრის მიმართ კანონი დაირღვა.
უფლებადამცველის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მსგავსად, დამოუკიდებლობის ნიშნებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც ავლენს.
გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან და უკანონო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ირღვეოდა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ჩვენ ვხედავთ, რომ გარდა სახალხო დამცველის ინსტიტუტისა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტიც ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს და მთავარი ტესტი, პრინციპში, წინ არის სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტისთვის , კერძოდ, მათთან მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და ჩვენ ველოდებით მოუთმენლად აი, ამ გამოძიების შედეგებს, - თქვა საძაგლიშვილმა.