"შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად” - სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის კადრებზე

07.12.21 13:01
"შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად” - სახელმწიფო ინსპექტორი სააკაშვილის კადრებზე

სახელმწიფო ინსპექტორი გლდანის №18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროებას ღირსების შელახვად აფასებს.

სახელმწიფო ინსპექტორი ყურადღებას ამახვილებს ვიდეოჩანაწერისა და ფოტომასალის შინაარსის მნიშვნელოვან დეტალებზე.

კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ასახულია პრივატულ ფორმაში. ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტავს, ასახულია მის მიერ მიღებული საკვები დანამატები - გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც საზოგადოებაში ფართოდ გამოიყენება ბავშვთა საკვების სახით. ამ გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების ამსახველი ვიდეოჩანაწერის, მისი №18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოჩანაწერისა და №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერის (2021 წლის 8 და 11 ნოემბერს) გასაჯაროებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ (მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად), „ბ“ (მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის), „გ“ (მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი) და „დ“ (მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრინციპები, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას”, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში.

 

მსგავსი სიახლეები