სასამართლო გვიკრძალავს სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას - კოპალეიშვილი
კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი, მაია კოპალეიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სრულყოფილი შეფასების შესაძლებლობას უკრძალავს, როდესაც ეუბენბა, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურია.
კოპალეიშვილის თქმით, შეუძლებელია, პოლიტიკური პარტიების ქმედებათა შეფასება მოახდინო პოლიტიკური შეფასების გარეშე და ამბობს, რომ ვერ ხვდება, რატომაა სასამართლო ასე შეშინებული.
სასამართლო ჩვენ გვიკრძალავს სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას, როდესაც გვეუბნება, რომ ეს პოლიტიკური განცხადებაა. ამ დროს, არ ვიცი სასამართლო რატოა ასე შეშინებული, ეს არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი, ეს არ არის ჩვეულებრივი ნორმის, ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის განსაზღვრის პროცესი, ამიტომ, ბუნებრივია, შეუძლებელია, პოლიტიკური პარტიების ქმედებათა შეფასება მოახდინო პოლიტიკური შეფასების გარეშე, - ამბობს კოპალეიშვილი.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა განახლდა.
სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და დღევანდელი პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახსნა-განმარტებები მოისმინეს.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.