გვარამიამ სხდომაზე ახსნა, რა ემუქრება ქვეყანას პარტიების აკრძალვის შემთხვევაში - მას სიტყვა გორდულაძემ რამდენჯერმე გაწყვეტინა
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას იმ პრობლემებზე საუბრობდა, რაც მისი თქმით, ქვეყანას პარტიების აკრძალვის შემდეგ დაემუქრება.
გვარამია ამბობდა, რომ კონსტიტუციურმა ორგანომ, მხედველობაში უნდა მიიღოს ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დასრულებულად ჩაითვლება.
მან ის სამი ურთიერთდაკავშირებული რისკიც დაასახელა, რომელის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდება.
სასამართლომ, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ, მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რომელიც დღეს უკვე გაჩერებულად არის შეფასებული, დასრულებულად ჩაითვლება. ევროინტეგრაციის მომხრე პარტიების აკრძალვა აღქმული იქნება, როგორც სამეზობლოში დემოკრატიის დასუსტების და ავტორიტარული მოდელის დამკვიდრების წარმატება იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ოკუპაციაში ამყოფებს, ეს არის რუსეთი. რეგიონში ძალთა ბალანსს ავტორიტარული ღერძის სასარგებლოდ ცვლის. ამ ფონზე, სამი ურთიერთდაკავშირებული რისკი ჩნდება - დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესება, საგარეო პოლიტიკური იზოლაცია, რომელიც ქვეყანას ოკუპანტის პირისპირ, პარტნიორების გარეშე ტოვებს, და ავტორიტარულ სახელმწიფოებზე სტრატეგიული დამოკიდებულების ზრდა. დაკავშირებადობა საქართველოს უმთავრესი უპირატესობაა და მისი დაკარგვა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კოლაფსის ტოლფასი იქნება. პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, რასაც პარტიების აკრძალვა გამოიწვევს, ინვესტორებისთვისაც რადიკალური დაპირისპირების სიგნალია, და ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობებით ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ავიწროებს, - ამბობდა ნიკა გვარამია.
ამ დროს „ოცნების“ დეპუტატმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. როგორც გორდულაძემ თქვა, გვარამიას გამოსვლას არანაირი კავშირი არ აქვს სარჩელის განხილვასთან და თუ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს ტრიბუნას, მაშინ თავადაც მოითხოვა ამ მიზნით ესარგებლა.
ამდენი ხანია ვისმენთ ყველაფერს და არაფერს სარჩელთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადებებია, რომლებსაც არანაირი შემხებლობა სარჩელთან არ აქვს, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, არასწორად საუბარობს, ან ფაქტები არასწორია, ან მანიპულირებს და თუ ეს პოლიტიკური გამოსვლის ადგილია, მაშინ ჩვენც უნდა გვქობდეს შესაძლებლობა, პოლიტიკური გამოსვლის. დაუბრუნდეს მხარე სამართლებრივ განხილვას საკონსტიტუციო სარჩელის, - თქვა მან.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რევაზ ნადარაიამ გორდულაძის შენიშვნას სამართლიანი უწოდა და თქვა, რომ თუ პროცესი პოლიტიკური განცხადებებისკენ წავა, მაშინ ორივემ მხარემ უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა.
აბსოლუტურად სწორი მითითებაა მხარის, იმის თაობაზე, რომ თუ პოლიტიკური განცხადებებისკენ წავა ეს პროცესი, მაშინ ორივე მხარეს უნდა მოგეცეთ ამის შესაძლებლობა და ამას ვერ გამართავს სასამართლო, - განაცადა ნადარაიამ.
ამის შემდეგ გვარამიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის შეეცადა ეჩვენებინა, რა რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში.
აკრძალვა აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების თითქმის 40 % - ის წარმომადგენლობას აუქმებს, სარჩელში აღსაკვეთი საფრთხე საერთოდ არ არის ნაჩვენები, მხოლოდ ზოგად დეკლარაციულია, ხოლო მე, შევეცადე, თქვენითვის მეჩვენებინა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რა საფრთხე არის რეალური,- დასძინა მან.