„შეურაცხმყოფელი რა იყო, ან ნერვებზე რა შემატყვეთ, რომ ვერ ვიწყნარებ?" - სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციოში
სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც "ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე საუბრობდა.
სიორიძეს სიტყვა "ოცნების" წევრმა, არჩილ გორდულაძემ გააწყვეტინა.
"ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს" - უთხრა გორდულაძემ რევაზ ნადარაიას.
ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, რომ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ოღონდ აქ არა- გარეთ - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ", - განაცხადა გორდულაძემ.
გიორგი სიორიძემ არჩილ გორდულაძეს უპასუხა, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი მთლიანად საკონსტიტუციო სარჩელია.
„შეურაცხმყოფელი რა იყო, ან ხმას როდის ავუწიე, ან ნერვებზე რა შემატყვეთ, რომ ვერ ვიწყნარებ. ხელის გამოშვერა რა ნიშნავს?! აქეთ აღარ გამოვიხედო ხოლმე ? თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? ძალიან დიდი ბოდიში რა! მე არა თუ შეფასება მიწევს, მე მიწევს იმის დასაბუთება, რომ ავტორიტარულია მხარე და ეს შეურაცხმყოფელი თუ არის მათთვის, სარჩელში რაც არის ნათქვამი, რომ ჩვენ ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პარტია ვართ, ესეც შეურაცხმყოფელია, თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ამ თვალსაზრისით. მიმაჩნია ავტორიტარულ ძალად, რომელსაც ვასაბუთებ რატომ. ეს არის მთელი ჩემი ახსნა-განმარტება, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ“.- განაცხადა სიორიძემ.
გორდულაძის პროტესტი გამოიწვიაგიორგი სიორიძის მიერ გაკეთებულმა კონკრეტულმა განცხადებამ, სადაც მან თქვა: „მე არ მინდა, რომ საქართველოში იყოს ასეთი პრეცედენტი, რომ რუსეთს გადავუსწროთ ავტორიტარულ მისწრაფებაში".
კერძოდ, სიორიძემ მოსარჩელის მიერ სარჩელში ლეგიტიმაციის აღიარების საკითხზე განმარტების გაკეთებისას აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებს კომუნისტური პარტია ლეგიტიმურად არ აღიარებდა, თუმცა ამის გამო მათი აკრძალვის აზრი არავის მოსვლია და გამოთქვა სურვილი, რომ ამ მხრივ საქართველო რუსეთის ავტორიტარულ მისწრაფებებზე წინ არ წასულიყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძის განცხადება ავტორიტარიზმთან დაკავშირებით არაეთიკურად შეაფასა.