დაჯექი ირაკლი, ორიანი, საკრებულოს ჯამბაზი გახდი! - დაპირისპირება კალაძესა და ,,ენმ"-ს წევრს შორის
საკრებულოში დედაქალაქის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. თბილისის თვითმმართველობის ორგანომ ახალი მთავრობის ის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს, რომელიც თითქმის იგივეა, რაც იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში.
,,დაჯექი, ორიანი ირაკლი!- ასე მიმართა კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატს ,,ნაცმოძრაობიდან". დედაქალაქის მერის გაღიზიანება ირაკლი ნადირაძის დასმულმა კითხვამ გამოიწვია.
მილანური ნაძვის ხე, მილანური ბუჩქები, ბატონო კახი, მაინტერესებს, რამდენი მილიონი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში?
თქვენს ნათლიმირონს წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონის ქონება აჩუქეთ ერთ ლარად. მაინტერსებს, თქვენი ამ მერობის პირობებში კიდევ რამდენი მილიონის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად? - მიმართა კალაძეს ,,ენმ-ს წევრმა.
ნადირაძის კითხვის საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ლევან ხაბეიშვილი, ჩაანაცვლა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სიტუაციის განმუხტვა სცადა და განაცხადა, რომ ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს. სანაცვლოდ, ოპონენტებმა დედაქალაქის მერი არჩევნების გაყალბებაში, კორუფციას და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.
,,ოცნებას" საკრებულოში 29 მანდატი აქვს, ოპოზიციას 21. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მთავრობა მაინც დამტკიცდება.