ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მედიის მიწვევით მიემგზავრება
ირაკლი კობახიძე ბრიუსელში, „ევრონიუსის“ (Euronews) მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე მედიის მიწვევით მიემგზავრება.
ინფორმაცია “პირველებს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მანამდე “ევროსკოპმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძე Euronews-ის მიერ ორგანიზებული „ევროკავშირის გაფართოების სამიტის“ (EU Enlargement Summit) სპიკერების სიაშია.
სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება 3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება და მასში მონაწილეობას პოლიტიკოსები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. დისკუსია Euronews-ის აუდიტორიისთვის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
აღსანიშნავია, რომ Euronews-ის სამიტი ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების ფორუმისგან განსხვავებული ღონისძიებაა. ევროკომისიის ფორუმი, სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ასევე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ მიუწვევიათ.