საკრებულოს კარები თავით გაატანინეს - გურიის პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებენ
გურიის პოლიციის მაღალჩინოსანს დეპუტატებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან - კოკა მაისურაძის წინააღმდეგ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დეპუტატებს პოლიციელი ფიზიკურად საკრებულოს სხდომაზე გაუსწორდა.
"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს, რადგან მათი მტკიცებით, ძალადობის ფაქტზე ლავრენტი ბიგვავამ საგამოძიებო უწყებას ცრუ ჩვენება მისცა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
საქმე ეხება 3 დეკემბერს მომხდარ ფაქტს, როცა დეპუტატი დავით მჟავანაძე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. მოსამართლემ დეპუტატს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რადგან მჟავანაძემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თავად მჟავანაძე ამტკიცებს, რომ პოლიციელმა მასზე ფიზიკურად იძალადა.
ირკვევა, ისიც რომ ბიგვავა, რომელიც ახლა "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, ოფიციალურად ამ დრომდე ენმ-ს წევრია და მას პარტიის დატოვება დაავიწყდა. ოპოზიცია აპირებს, რომ ის პარტიიდან დემონსტრაციულად გარიცხოს.
დავით მჟავანაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ დაპირისპირებისას მის კოლეგას მძიმე დაზიანებები მიაყენეს. "პირველების" ინფორმაციით, შაკა თავდიშვილს დაზიანებები აღენიშნება და სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა.
პოლიცია ჩვენს კოლეგაზე ძალადობდა, ძალის დემონსტრირებით გამოგვყარეს საკრებულოს შენობიდან. ჩემს კოლეგას ძალიან მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ასევე ჩემს მიმართაც იყო ძალის გამოყენება.
ბიგვავა ,,ნაციონალური მოძრაობის" უცვლელი თამადა იყო, სუფრაზე რომ არ დაენიშნათ თამადად, შეიძლებოდა, მაშინდელ ადგილობრივ ლიდერებს გაბუტვოდა და არ დალაპარაკებოდა. ახლა კი ჩეკისტივით იქცევა."- აცხადებს მჟავანაძე.
რაც შეეხება ადვოკატ კახა ჩალაიშვილს, მისი თქმით, "შაკა თავდიშვილს საკრებულოს კარები თავით გაატანინეს:
საშინელი ამბები ხდებოდა, საკრებულოს წევრები შენობიდან ქეჩოში ხელმოკიდებულები გაყარეს. დეპუტატებს სერიოზული დაზიანებები აღენიშნება, რაც ვიზუალურადაც ჩანს. შაკა თავდიშვილს საკრებულოს კარები თავით გაატანინეს. პოლიციელები საკრებულოს რეგლამენტს ემორჩილებოდა. რაც გააკეთეს, ამის უფლება მათ არავითარ შემთხვევაში არ გქონდათ.
რაც შეეხება ლავრენტი ბიგვავას, მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას"- აცხადებს კახა ჩალაიშვილი.
"ტვ პირველის" კორესპოდენტი კითხვების დასასმელად საკრებულოში მივიდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს და კარები ჩაუკეტეს. დეპუტატები შენობაში სათადარიგო შესასვლელით შევიდნენ.