ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას აგრძელებს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი მკურნალობას აგრძელებს. დიტო საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია.
პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი.
რაც შეეხება ვიზიტორებს, გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძლებლობა მიეცა მის პირად ექიმს, რომ შესულიყო და ყოველ შემთხვევაში არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია პენიტენციური სამსახურისგან, რომ არ შეუშვებენ ოჯახის წევრებს.
მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ თითქოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრების მცდელობა, რაც შედეგის თვალსაზრისით არის ძალიან კარგი, უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც პენიტენციური სამსახური ასე იქცევა.
ძალიან სამარცხვინოა, როდესააც მინისტრი ბრეგაძე ერთ დღეს გვესაუბრება, რომ ძვირად ღირებული ტექნიკა დააზიანა სააკაშვილმა და მეორე დღეს განცხადებას ავრცელებენ, რომ 150 ლარს არ აღემატებაო. ასეთი იაფფასიანი განცხადებების კეთება რომ უწევთ როგორც მინისტრს, ისე პენიტენციური სამსახურის უფროსს, არის ძალიან სამწუხარო ამბავი. ასეთ აბსურდულ ვითარებაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციები ასე სამარცხვინოდ იქცევიან, გარდა ორი ინსტიტუციისა, ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,“ - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ღამე პროტესტის ნიშნად, მკურნალობაზე უარი თქვა. მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნიდან რამდენიმე საათში შურისძიების მიზნით მასთან გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი მივიდა, მათ შორის მესამე პრეზიდენტმა მის წამებაში მონაწილე პირი ამოიცნო და სააკაშვილს ახალი დისციპლინური სასჯელი დაუწესდა. რომელიც სააკაშვილთან შეხვედრების შეზღუდვას და მისთვის ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არც შეხვედრები შეუზღუდავთ და არც ტელევიზორი ჩამოურთმევიათ