„ოცნებაში“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილი“ უწოდეს
„გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მახაშვილი ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს, რომელშიც საქართველოში დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლასა და ევროინტეგრაციის ფაქტობრივ შეჩერებაზეა საუბარი. მახაშვილი დოკუმენტს ცალმხრივსა და არაობიექტურს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებასთან და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის გარეშე მომზადდა.
ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბრიუსელთან პოლიტიკური დიალოგის აღსადგენად მზად არის.
ეს ჰგავს გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ ანგარიშს, რომელმაც ბევრი იჩხიკინა, ბევრი იწვალა, ბევრი გაიძლა, მაგრამ მაინც ვერ გააკეთებინა ის, რაც მას უნდოდა. მომზადებულია ცალხმრივადმ ერთი მხარის მიერ, არანაირი კომუნიკაცია საქართველოსთან, არანაირი კომუნიკაცია სამინისტროებთან, არანაირი კომუნიკაცია ექსპერტებთან. ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე, რაც სხვა კანდიდატ ქვეყნების შემთხვევაში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად ბრიუსელის ფანჯრებიდან და ოთახებიდან 5-6 ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში.
ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში, დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ფორმატებს, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ანგარიშები იყოს ობიექტური, დაბალანსებული ექსპერტების დონეზე და რაც მთავარია, პოლიტიკურ დონეზე აღვადგინოთ დიალოგი, - ამბობს ლევან მახაშვილი.
საქართველოში დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება - ასეთია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში აღწერილი ვითარება.
"ტვ პირველის“ ინფორმაციით, რომელმაც დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებამდე მოიპოვა, ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს, ხელისუფლება კი ვერ ასრულებს იმ ცხრა რეკომენდაციას, რომელთა განხორციელებაც ქვეყნის ევროპულ გზაზე წინსვლის აუცილებელი პირობაა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაზე, ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაციასა და სამართლის უზენაესობის პრობლემებზე. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კიდევ უფრო აშორებს.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ოფიციალური გამოქვეყნება დღეს, 4 ნოემბერსაა დაგეგმილი. დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მის ძირითად მიგნებებს წარადგენს.