ეროვნული შერიგებისკენ, FREEMISHA - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაიაყო
ეროვნული შერიგებისკენ, FREEMISHA - ორბელიანების სასახლესთან აქცია დაიწყო. ადგილზე უკვე დამონტაჟდა ხმის გამაძლიერებლები. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რაც მათი შეფასებით "დიდი შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი" იქნება.
აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, შეხვდეს 10 კაციან ჯგუფს რომელიც პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს გააცნობს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის, ინფორმაციით, აქციაზე იმყოფებიან არა მარტო მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, არამედ, პოლიტიკური ოპონენტებიც, რომლებიც ყველანი ერთხმად მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას.
ადამიანები, რომლებიც შეხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, განსაკუთრებით მიშას პოლიტიკური ოპონენტები, აუხსნიან მას, რომ ეს რაღაც ვიწრო ჭრილის საკითხი არ არის და არ დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ მხოლოდ მიშას მხარდამჭერებს არ სურთ მისი გათავისუფლება. პოლიტიკურ კონტექსტს დაანახებენ, რატომ არის ეს საჭირო. ამიტომ ჩვენთვის მნისვნელოვანია, რომ აქციაზე ის ხალხი ყოფილიყო, ვინც მიშას არ ეთანხმება პოლიტიკურად - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჯორჟოლიანის განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალება იქნება ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული დიდი ეროვნული ნაბიჯი. ჟურნალისტი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუასა და გიგი უგულავასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია შეცვალა, როცა ისინი შეიწყალა, ახლა კი მნიშვნელოვანი იქნება, თუკი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც ადრე დაფიქსირებულ გადაწყვეტილებას შეცვლის.
სააკაშვილის შეწყალება იქნება პირველი ნაბიჯი ეროვნული შერიგებისკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილი გადახედავს თუ არა საკუთარ მოსაზრებას. გიორგი რურუასთან დაკავშირებით მან უკვე ერთხელ გადახედა მოსაზრებას, მეორედ გიგი უგულავასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ახლაც უნდა გადახედოს. ეს იქნება დიდი შერიგებისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.