"არ არსებობს ახსნა, რატომ გრძელდება სხდომა შუაღამე" - ადვოკატის თქმით, ჩორჩანას საქმის განხილვა მე-6 საათია მიმდინარეობს
მე-6 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას საქმის განხილვა გრძელდება - როგორც გიორგი გახარიას ადვოკატი და თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, "არ არსებობს რაციონალური ახსნა და რაიმე არგუმენტი, არასამუშაო საათებში, შუაღამე, რატომ გრძელდება ინტენსიურად ეს სხდომა".
"ყველა საკუთარ განაჩენს წერს ამ საქმით, ხელი არავის უნდა შევუშალოთ" - წერს ბერდია სიჭინავა.
„ღამის სასამართლოები და ნოტარიუსები ვისაც გაწუხებდათ წინა ხელისუფლების დროს, აი, ახლა ამ წუთებში, ღამის 22:00 საათზე, უკვე მე-6 საათია ჩორჩანას საქმე განიხილება შეუჩერებლად, როგორმე უნდა მოუსწრონ ეს განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს, ოღონდ რა კავშირშია პარტიის აკრძალვასთან, საერთოდ გაუგებარია.
არ არსებობს რაციონალური ახსნა და რაიმე არგუმენტი, არასამუშაო საათებში, შუაღამე, რატომ გრძელდება ინტენსიურად ეს სხდომა, დაცვის უფლების ხელყოფის ხარჯზე, რაც სამართლიანი სასამართლოს კონვენციური უფლების არსებითი დარღვევაა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამას აუცილებლად დაადგენს ამ საქმეზე. ყველა საკუთარ განაჩენს წერს ამ საქმით, ხელი არავის უნდა შევუშალოთ”, - წერს ბერდია სიჭინავა.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.