არც ერთი სიტყვა ოკუპაციაზე - პრეზიდენტი რუსეთის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებას აკრიტიკებს

08.12.21 15:48
არც ერთი სიტყვა ოკუპაციაზე - პრეზიდენტი რუსეთის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებას აკრიტიკებს

სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარება არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს. 

პრეზიდენტის განცხადებით,  "საზოგადოება ბოლო დროს უფრო ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებითა და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით არის დაკავებული".

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საზღვარზე შექმნილ მძიმე ვითარების შეფასებისას იყენებს ტერმინს "ორ მეზობელს შორის კონფლიქტს" და რუსეთს საერთოდ არ ახსენებს. 

"მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი მეგობარი და ევროკავშირის ასოცირებული ტრიოს წევრი  ქვეყნის საზღვართან შექმნილ საგანგაშო ვითარებას და ხელახლა დავადასტურო უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა და ერთგულება; მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც  გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის  და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს  და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია.

ვწუხვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს უფრო დაკავებულია ვიწრო პოლიტიკური მნიშვნელობის აქციებით და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით, ვიდრე იმით, რაც შეჰფერის, ჩემი აზრით, ევალება კიდევაც ჩვენს საზოგადოებას, დაინტერესდეს ქვეყნის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, იქნება ეს ჩვენს ორ მეზობელს შორის კონფლიქტის შემდგომი მდგომარეობის განვითარება თუ  უკრაინის საზღვარზე შექმნილი დღევანდელი ვითარება. ეს არის ის, რაც უნდა გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს, რამეთუ ჩვენი და ჩვენი რეგიონის მშვიდობა და განვითარება ერთმანეთისგან განუყოფელია"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები