შეწყვიტეთ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" კულტურის სამინისტროს

08.12.21 16:51
შეწყვიტეთ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა - კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" კულტურის სამინისტროს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართავს. 

კოალიცია ომბუდსმენს მიმართავს, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია.

კოალიცია კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ტვ „პირველის“ ჟურნალისტის არშეშვებისა და მარიამ მაკასარაშვილის შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.

მათივე შეფასებით,  საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.

კოალიცია  მოუწოდებს კულტურის სამინისტროს, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

 

მსგავსი სიახლეები