კალაძე კონკრეტულ ელჩებს საქართველოში "ძალადობის წახალისებაში" ადანაშაულებს
კახი კალაძე ევროპელი ელჩების წინააღმდეგ - "ოცნების" ლიდერმა დიპლომატიურ მისიაში გამოგზავნილ ადამიანებს საქართველოში ძალადობის წახალისებაში დასდო ბრალი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნაში დაადანაშაულა.
კალაძე სამარცხვინოს უწოდებს დიპლომატების განცხადებებს, რომლითაც ისინი 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ, მოქალაქეების ბრძოლას უჭერდნენ მხარს.
მერი ამით ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა - "ოცნების" ლიდერის მტკიცებით, ევროკომისიაში კარგად იციან, რა დანაშაული ჩაიდინეს პირებმა, ვისაც 2026 წლის გაფართოების ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.
ძალიან კარგად იციან თვითონაც, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. ნახეთ ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, როგორ მოქმედებდა პოლიცია და რა კონტექსტშია აყვანილი აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენთან პირიქით, საქართველოში ამ პროცესების წახალისება ხდებოდა კონკრეტული ადამიანების, ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროპული ქვეყნების დაფინანსებით სარგებლობდნენ. კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.