მოსამართლეს "ოცნებისგან" აინტერესებს პასუხი, სად არის ზღვარი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის?
ოპოზიციის აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა პირველი კითხვა-პასუხის ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ დაუსვა.
„მაინტერესებს, რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს როლების გამიჯვნა - სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?“ - იკითხა მოსამართლემ.
შეკითხვის საპასუხოდ, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ პარტიას შეიძლება შეერაცხოს მისი ლიდერებისა და წევრების ქმედებები, თუ ის მათ არ ემიჯნება.
ამის შემდეგ, მოსამართლემკიდევ ერთი კითხვა დაუსვა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, პარტიას კონკრეტული პირების დანაშაულები იმის გამო უნდა შეერაცხოს, რომ ის მათ არ გაემიჯნა, თუ იმის გამო, რომ მათი მმართველობის დროს სახელმწიფომ დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა.
ამ შემთხვევაში სარჩელის ავტორებმა სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გაამახვილეს ყურადღება.
არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის რა თქმა უნდა არის მტკიცე ხაზი, - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილის კითხვას საპასუხოდ.
ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, თუ X პარტია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%- დაახლოებით 227 საქმე, 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არსებობს, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანები რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, [ყოფილი] პრეზიდენტის მიერ მათ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. და ის ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მაგალითად ადამიანების წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც ამ ქმედებებს არ ემიჯნება და სისტემას ქმნის, რომელიც არის მწამებლური სისტემა, რა თქმა უნდა პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები.
ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და როდესაც დღესაც საუბრობენ რომ ასეთ ფაქტებს უბრალოდ ადგილი არ ჰქონია, არათუ ამბობენ, რომ კი იყო გადაცდომები, მაგრამ არა. როდესაც ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ამ უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და საუბრობენ, რომ თურმე პარალელური სამყარო არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან, ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი ეს არის კონკრეტული პარტია და პარტია, როდესაც დღესაც არ ემიჯნება, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.