"მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას" - კალაძე მედიას ემუქრება

09.12.21 12:31
"მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას" - კალაძე მედიას ემუქრება

თბილისის მერი, კახა კალაძე, ჟურნალისტებს მათთან კომუნიკაციის გაწყვეტით ემუქრება. მედიაზე განაწყენებული კალაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები მის თემებს მიზანმიმართულად  არ აშუქებენ. 

არ იფიქროთ, რომ მე ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს. მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში. სვამთ შეკითხვებს სხვადასხვა თემაზე, ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. როდესაც ვიკრიბებით კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად ხიდის მშენებლობასთან, შეიძლება, თქვენი შეკითხვა არსებულ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერი, ვალდებული ვარ, რამხელა პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ვცდილობ, მაქსიმალურად თქვენც კომფორტი შეგიქმნათ, გიპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც იქ არ ხდება იმ კონკრეტული ღონისძიების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მგონია, რომ ძალიან ცუდია.

ასე რომ, თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს. რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს ეს, უბრალოდ ცუდია, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, ყველა ჩემი მხარდამჭერი არ არის, ვიღაცამ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ამ ქალაქში ცხოვრობენ, ვცხოვრობთ ყველა, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მე, კახა კალაძეს და ჩემს გუნდს დაგვიჭირა მხარი. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ის სიკეთეები, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, თანაბრად ნაწილდება ყველასთვის და არავითარ შემთხვევაში არ ხდება ადამიანების დაყოფა პოლიტიკური, სარწმუნოების ნიშნით ან სხვადასხვა შეხედულების მიხედვით.

ეს ქალაქი ყველასია და ის, რასაც ვაკეთებთ, ყველას თანაბრად უნდა შეხვდეს, ამიტომ თქვენი, მედიის, როლი აქაც მნიშვნელოვანია და ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა კეთდება, რა პროექტი ხორციელდება, ვფიქრობ, პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – თქვა კახა კალაძემ.


 

მსგავსი სიახლეები