"ღმერთმა შეუნდოს" - "ოცნებაში" უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა

11.11.26 13:22
"ღმერთმა შეუნდოს" - "ოცნებაში" უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა

„უპასუხისმგებლო განცხადება“ - ასე პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის კრიტიკას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სასულიერო პირმა პოლიტიკური განცხადებებისთვის ამბიონი არ უნდა გამოიყენოს და მიტროპოლიტს სადავო საკითხებზე დიალოგისკენ მოუწოდებენ.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ჩემო კარგო. მეუფე იობს თუ რაიმე კითხვები აქვს, დასვას ეს კითხვები და ჩვენი ხელისუფლება უპასუხებს, - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ზვიად შალამბერიძე მიტროპოლიტის განცხადებებს სიმართლესთან შეუსაბამოს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური შეფასებებისთვის ამბიონი შესაფერისი ადგილი არ არის. 

შეიძლება განცხადება გააკეთოს, მაგრამ, ზოგადად, პოლიტიკური განცხადებებისთვის, მე უფრო, ალბათ, სხვა პლატფორმას გამოვიყენებდი, მითუმეტეს, ისეთი განცხადებებისთვის, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ალბათ ჯობია ასეთ დროს, ჯერ გავიგოთ ბოლომდე რა არის სიმართლე და მერე გავაკეთოთ ასეთი განცხადება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის. ყოველთვის ჰქონდა საპატრიარქოსთან ჩვენს ხელისუფლებას და ექნება მომავალშიც ისეთი, როგორიც არ ჰქონია არცერთ ხელისუფლებას აქამდე, - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის განცხადებას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყველასთვის კარგად არის ცნობილი. 

ძალიან სამწუხარო და უპასუხისმგებლო განცხადებაა. გულდასაწყვეტია, ზოგადად, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება დედა ეკლესიის მიმართ, შესაბამისად, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, უფრო სწორი იქნება ამ შეკითხვების გავლა, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.

"ღმერთმა შეუნდოს" - ეს ფრაზა კი მარიამ ლაშხს ეკუთვნის. ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, "მეუფე იობს შეუნოდოს ღმერთმა", დეპუტატმა პასუხის გაცემა არ ისურვა. 

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს. სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და ქვეყანას ურწმუნო და არაეკლესიური მმართველობა ჰყავს. მიტროპოლიტი ასევე საუბრობს ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის მცდელობაზე, რაც, მისი შეფასებით, ეკლესიის დაფინანსების ზრდასა და სასულიერო პირებისთვის კომფორტული პირობების შექმნაში გამოიხატება. 

მსგავსი სიახლეები