შაბათის მარშის ორგანიზატორები 28 ნოემბერს დიდ აქციას უერთდებიან
ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთი საქართველო გვაქვს. ერთად შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ნდობა და ადგილი თავისუფალ სამყაროში - ამის შესახებ შაბათის მარშის ორგანოზატორებმა დღევანდელ ტრადიციულ მსვლელობაზე განაცხადეს.
მათივე თქმით, 28 ნოემბერს 19:00 საათზე, მარში მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბება და დიდ აქციას შეუერთდდება.
28 ნოემბერს, ორი წელი სრულდება, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.
ამ გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საკუთარი და შვილების მომავლისა და საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. ხელისუფლებამ ასობით ადამიანი დააპატიმრა, სცემა და აწამა, ხოლო ქუჩაში გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამ ორი წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა თავისუფალ სამყაროსა და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს. საქართველო, რომელსაც რეგიონში ლიდერობისა და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდა, პოლიტიკური იზოლაციისკენ წაიყვანა. საფრთხე შეექმნა იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპასთან თანამშრომლობა ჩვენს მოქალაქეებსა და ოჯახებს აძლევდა.
ამავე დროს, ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდათ. ყოველდღიურად გვიწევს ფიქრი, როგორ შევიძინოთ საკვები და წამლები, როგორ გადავიხადოთ გადასახადები და როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ოჯახები. ბევრი თანამოქალაქე კვლავ იძულებულია, უკეთესი ცხოვრების საძიებლად ქვეყანა და ოჯახი დატოვოს.
ხელისუფლება, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა ზრუნავდეს, ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს და საკუთარ გასაჭირთან მარტო ტოვებს. ქვეყანა კი დაპირისპირებასა და ქაოსში შეჰყავს.
მაგრამ ამ ორმა წელმა სხვა რამეც დაგვანახვა: ერთმანეთის იმედი გვაქვს. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საერთო სურვილი გვაერთიანებს - ვიცხოვროთ თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში, სადაც შრომა ფასდება, ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობა აქვთ და არც ერთი ადამიანი საკუთარ პრობლემებთან მარტო არ არის. სახელმწიფო, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანია.
ჩვენ ერთი ხალხი ვართ და ერთი საქართველო გვაქვს. ერთად შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ნდობა და ადგილი თავისუფალ სამყაროში.
სწორედ ასეთი მომავლისთვის, 28 ნოემბერს შემოგვიერთდით შაბათის დიდ მარშზე! შევიკრიბოთ 19:00 საათზე, მეტრო „ავლაბართან“ და ერთად გავემართოთ თავისუფლების მოედნისკენ. ასევე, იქნება ოპოზოციური ალიანსის მსველელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან.