„ჩვენ მათ ვიწვევთ, მოსვლა არ სურთ და თან გვადანაშაულებენ, თითქოს პროცესში არ ვრთავდეთ“ - მარტა კოსი "ოცნებაზე"

16.11.26 16:03
„ჩვენ მათ ვიწვევთ, მოსვლა არ სურთ და თან გვადანაშაულებენ, თითქოს პროცესში არ ვრთავდეთ“ - მარტა კოსი "ოცნებაზე"

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო იანვარში საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ბრიუსელში, „ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ სალომე სამადაშვილთან საუბრისას განაცხადა. ევროკომისარმა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის დაკავშირებადობის ინიციატივებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თბილისს თანამშრომლობას არაერთხელ სთავაზობდნენ.

სამადაშვილის შეკითხვაზე, რა შედეგს ელოდება იანვარში დაგეგმილი განხილვისგან, კოსმა განაცხადა, რომ კონკრეტული მოლოდინები არ აქვს.

„კონკრეტულს არაფერს ველოდები, თუმცა იანვარში, საგარეო საქმეთა საბჭოზე, წევრ სახელმწიფოებთან გვექნება დისკუსია საქართველოს შესახებ - იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ საქართველოსთან”, - აღნიშნა მარტა კოსმა.

ევროკომისარმა ასევე ისაუბრა რეგიონული დაკავშირებადობის პროექტებზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას მათში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება მიწვევებს არ იღებს, პარალელურად კი ბრიუსელს პროცესიდან გარიყვის გამო აკრიტიკებს.

„ჩვენ მათ ვიწვევთ. ყოველთვის ვეუბნები, რომ შეუძლიათ, დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილი იყვნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამისთვის თავადაც უნდა მოვიდნენ. ჩვენ ვიწვევთ, მათ კი მოსვლა არ სურთ და ამასთანავე, მადანაშაულებენ და მაკრიტიკებენ, თითქოს პროცესში არ ვრთავდეთ. კარგი, რა! დღესაც კი მოვიწვიეთ ისინი - დღეს ხომ დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება”, - აღნიშნა კოსმა.

თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა ევროკომისართან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დაკავშირებადობის პროექტებში საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობების შესრულებას უნდა უკავშირდებოდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პირობითობის პრინციპის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება სასურველ შედეგს შესაბამისი ვალდებულებების შესრულების გარეშეც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები