კორუფცია მერიის კომპანიაში - ენმ კალაძის გამოკითხვას ითხოვს
თბილისის მეტროში 41 მილიონ ლარზე მეტის სავარაუდო მითვისების საქმეზე კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში ოთხი პირის დაკავების მიუხედავად, პასუხგაუცემელია კითხვები დედაქალაქის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე, მაშინ როდესაც თბილისის მეტროში მგზავრთა გადაადგილება სულ უფრო პრობლემური ხდება.
კახი კალაძის მერობის პირობებში თბილისის მეტროს 27 ტენდერში, 2017–2024 წლებში, გამოყოფილი 145 მილიონი ლარიდან 41 მილიონზე მეტის მითვისების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს.
ეს პროკურატურის ბრალდების ვერსიაა, მაგრამ მთავარი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
ლევან ხაბეიშვილი წლების წინ საუბრობდა გელა ძიძიკაშვილზე, კორუფციასა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე.
დღეს კი გამოძიება უკვე 41 მილიონ ლარზე საუბრობს!
სად იყო კახი კალაძე? სად იყო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა? რატომ არ აღიკვეთა ეს ყველაფერი დროულად?
თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია: ახმეტელის მეტროში, რუსთაველზე, თავისუფლებაზე, ავლაბარსა და მარჯანიშვილზე პიკის საათებში მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლასაც კი ვეღარ ახერხებენ.
ეს 41 მილიონი რომ ქალაქის ინტერესებს მოხმარებოდა და არა კორუფციულ სქემას, შესაძლებელი იქნებოდა მგზავრთა ნაკადების მართვისა და დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწყობის საკითხის რეალურად დაყენება.
მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე.
27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობას, კახი კალაძე ვერ გაექცევა!"- აღნიშნავს პოლიტიკოსი.
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს - პროკურატურამ "პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა.
- საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.
მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
როგორი იყო სქემა პროკურატურის მიხედვით?
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
გამოძიება ამბობს, რომ „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.