ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

23.11.26 11:05
ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან - მათ გლდანის ციხე უკვე დატოვეს. 

ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირველებთან ამბობს, რომ მას მიხეილ ყავალაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს. 

ჯავახიშვილს საპატიმრო მიმდინარე დეკმბერს უნდა დაეტოვებინა. 

"ბიჭებს მოვიკითხავ შიგნით პირველ რიგში, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვისურვებ და მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ. არ ველოდი, სიმართლე რომ გითხრათ" - თქვა 25 წლის ანრი კვარაცხელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

„სახლში მინდა ძალიან,თავისუფლება ყველას“, - თქვა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მინდაძემ.

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა ირწმუნება, რომ 1-ელ დეკემბერს, აქციაზე კვარაცხელია თავს დაესხა გდდ-ს თანამშრომელს და მისი მისამართით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.  კვარაცხელიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

გიორგი მინდაძეს პროკურატურა გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.