1.31 მილიარდი ლარი კონკურენციის გარეშე: ვის ჩააბარეს სახელმწიფო უწყებებმა ხალხის ფული? - TI-ის ანგარიში

24.11.26 11:15
1.31 მილიარდი ლარი კონკურენციის გარეშე: ვის ჩააბარეს სახელმწიფო უწყებებმა ხალხის ფული? - TI-ის ანგარიში

1.31 მილიარდი ლარი კონკურენციის გარეშე: ვის ჩააბარეს სახელმწიფო უწყებებმა ხალხის ფული? - ამ სათაურით ავრცელებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კვლევას. 

TI-ის ცნობით, 2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული 16 222 სახელმწიფო ტენდერიდან თითქმის ნახევარში (45%) მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ უკონკურენტო გარემოს გამო ხელშეკრულებები ბიუჯეტს დაახლოებით 150 მილიონი ლარით ძვირი დაუჯდა, ვიდრე რეალური კონკურენციის პირობებში დაჯდებოდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"  წერს, რომ  572 მილიონი ლარის ღირებულების 2 883 ტენდერში საწყისი ფასი საერთოდ არ შემცირებულა და სახელმწიფომ ერთი თეთრიც ვერ დაზოგა.

როგორ იხარჯება 1.3 მილიარდი კონკურენციის გარეშე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიხედვით: 

  • "პენიტენციური სამსახური და სუსის კვალი: ყველაზე მსხვილი უკონკურენტო შემსყიდველი პენიტენციური სამსახურია (203.7 მილიონი ლარი). ციხეებში საკვების ხარისხზე ატეხილი სკანდალის შემდეგ, უწყებამ პატიმრების კვებაზე 152.4 მილიონი ლარის კონტრაქტი კონკურენციის გარეშე გაუფორმა გამოუცდელ კომპანია „გიორგი 2020“-ს. ზუსტად ტენდერის გამოცხადების დღეს, 3 აპრილს, კომპანიის 33%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა სუსის ყოფილ თანამშრომელს, ირაკლი ლეთოდიანს.
  • თბილისი, ბათუმი და რეგიონები: მუნიციპალიტეტებმა კონკურენციის გარეშე 625 მილიონი ლარი დახარჯეს. თანხის მოცულობით თბილისი (277 მილიონი) და ბათუმი (63 მილიონი) ლიდერობენ, ხოლო უკონკურენტო ტენდერების წილით ამბროლაური (61%), თერჯოლა (59%) და ხულო (55%).
  • ფავორიტებზე მორგებული პირობები: კონკურენციას ხშირად კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული მოთხოვნები აქრობს, როგორიცაა ბათუმის მერიის მოთხოვნა 30 კილომეტრის რადიუსში ასფალტის ქარხნის ფლობაზე (შპს „გზის“ 29.2 მილიონიანი ტენდერი) ან რკინიგზის მიერ მოთხოვნილი 20 წლიანი გამოცდილება, რომლითაც თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის კომპანიამ გაიმარჯვა. ყველაზე მეტი თანხა უკონკურენტოდ სამშენებლო სფეროში გაიცა (517.9 მილიონი ლარი).
  • დამალული სტატისტიკა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ანგარიშებში „კონკურენციის ზრდაზე“ საუბრობს, თუმცა 2019 წლიდან დღემდე არცერთ წლიურ ანგარიშში არ ამხელს მთავარს, რომ ტენდერების თითქმის ნახევარში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს".

კვევა სრულად ნახეთ აქ  

მსგავსი სიახლეები