სალომე ზურაბიშვილი: 28 ნოემბერს ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 28 ნოემბერს მასშტაბურ აქციაზე ხალხთან ერთად იდგება. "ალბათ, არც არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის იქ ვარ მე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ-ლაივში“, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
ზურაბიშვილის თქმით, ამ დღეს ყველა მოქალაქ უნდა გამოვიდეს ქუჩაში და უნდა დაანახოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ ორი წლის განმავლობაში არავინ არაფერს შეგუებია.
"ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიდგეთ და ჩვენს თავთან დგომა არის ის, რაც 28 ნოემბერს ყველას, თითოეულ ჩვენგანს გვევალება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენი ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით" - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
არავის გვჭირდება იმის შეხსენება, რას ნიშნავს 28 ნოემბერი, რა მოხდა ორი წლის წინ, როგორ გადადგა ამ რეჟიმმა ყველაზე უფრო ანტი-კონსტიტუციური ნაბიჯი ისე, რომ ხალხისთვის არ უკითხავს. ხალხის სურვილის საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ალბათ, არც არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის იქ ვარ მე. ასეთ დღეებში მე ვარ და 28 ნოემბერსაც უთუოდ ვიქნები ხალხთან ერთად. ვცდილობ ხოლმე, რომ ყოველ შაბათს მარშზე ვიყო და გავიზიარო ის, რაც არის ხალხის განაცხადი იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვართ თანახმა, ამ რეჟიმმა ჩვენი მომავალი წაგვართვას. არათუ ვიქნები თქვენთან ერთად 28 ნოემბერს, არამედ მე მგონია, რომ არავის არ აქვს არანაირი გამართლება იმის, თუ რატომ არ უნდა მივიდეს. გასაგებია ის, რომ ამ ორი წლის მანძილზე ადამიანები სხვადასხვაგვარად მიუდგნენ ამ პროტესტს. ბევრს არ შეუძლია და ნამდვილად გმირობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ყოველდღე უწყვეტად დგანან პარლამენტის წინ. ეს ყველას არ შეუძლია და არც ყველას მოეთხოვება.
არც შაბათის მარშზე შეუძლია ყველას მისვლა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ბევრი მიზეზია და ყველა გასაგები და მისაღებია, მაგრამ 28 ნოემბერს არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი გამართლება, რატომ არ უნდა იდგეს ადამიანი აქციაზე და რატომ არ უნდა აკეთებდეს იქ დგომით განაცხადს, რომ არ შეეგუა იმას, რაც ამ ორი წლის განმავლობაში მოხდა, თუ როგორ ჩამოშორდა ქვეყანა არა მარტო ევროპულ მომავალს, არამედ საკუთარ თავს.
ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია და ყველაზე დიდი დანაშაული ამ რეჟიმის, რომ ჩამოგვაშორა ჩვენს თავს, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი შვილების მომავალი გაანადგურა ან ცდილობს, რომ გაანადგუროს, ცდილობს, რომ წაგვიყვანოს სხვაგან, სადაც ნამდვილად არ არის საქართველოს გზა და მომავალი.
ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიდგეთ და ჩვენს თავთან დგომა არის ის, რაც 28 ნოემბერს ყველას, თითოეულ ჩვენგანს გვევალება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენი ერთად დგომით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.