ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყებები იტყვიან, ვინ დგას თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან

25.11.26 20:23
ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყებები იტყვიან, ვინ დგას თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან

სალომე ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ საგამოძიებო უწყებები დაადგენენ, ვინ დგას თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან.

როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში განაცხადა, არავინ იტყვის, რომელიმე სახელმწიფო უწყება ან ადამიანი ან თანამდებობის პირი იყო თუ არა ამაში ჩართული. 

ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის დადგენა, მაგრამ ვინმე დაადგენს ამას? თქვენ გგონიათ დღევანდელ დღეს და დღევანდელ საგამოძიებო უწყებებიდან გამომდინარე, ვინმეს აქვს იმედი, რომ დაადგენენ და იტყვიან, რომ „არა, ნამდვილად რომელიმე სახელმწიფო უწყება ან ადამიანი ან თანამდებობის პირი იყო ამაში ჩართული“? ცხადია, რომ არა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს რეაქცია საზოგადოების, იმიტომ რომ დღეს ჩვენი დაცვა რეალურად — და ეს ეხება ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებას — მოქალაქის დაცვა იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის, სადაც სამართლიანობა არ არსებობს, ერთადერთი დაცვა არის ყველასი სოლიდარობა მის მიმართ. ამიტომ ვაცხადებ ჩემს სოლიდარობას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ გამოვაცხადოთ, და ამიტომ არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ, რომ 28 ნოემბერს ყველანი ერთად დავდგეთ და არა რაღაც ცალ-ცალკე, ცალკეული მიზნების ირგვლივ გაერთიანებულები". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

რა ხდება?

თორნიკე რაზმაძის ცნობით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ. სამოქალაქო აქტივისტი მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ქმედებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.

  • მითების დეტექტორმა გამოიკვლია და „ფეისბუქსა და „ტიკტოკზე“ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ვითომდა თორნიკე რაზმაძე ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს და კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.  

თორნიკე რაზმაძე ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის უკან ხელისუფლება დგას. როგორც წამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, ამ ყველაფრის მიზანი მისი დაშინება და გაჩუმებაა. 

რაზმაძის თქმით, მიმდინარე კანპანიის ფარგლებში, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას კომენტარებში "ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძეც კი გეგმავდა. 

 

მსგავსი სიახლეები