„გიჟებთან გვაქვს საქმე და ქვეყნის მოღალატეებთან“ - გვარამია „ისკანდერის“ საქმეზე საუბრობს

26.11.26 23:22
„გიჟებთან გვაქვს საქმე და ქვეყნის მოღალატეებთან“ - გვარამია „ისკანდერის“ საქმეზე საუბრობს

„კოალიცია ცვლილებების“ ლიდერი, ნიკა გვარამია რუსული სარაკეტო კომპლექსის, „ისკანდერის“ ფრაგმენტების "გაქრობასა და ამერიკული მხარისთვის გადაცემასთან" დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს "ტვ პირველის" ეთერში გამოეხმაურა.

გვარამიას განცხადებით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირისთვის მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნოლოგიის შესასწავლად გადაცემა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ვერ შეფასდება.

მისივე განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ დავა სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში მომზადებული სარჩელითა და შესაბამისი მტკიცებულებებით მოიგო. როგორც გვარამია აღნიშნავს, საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებად არა თავად რაკეტის კორპუსი, არამედ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, ნამსხვრევების კვლევა და ტექნოლოგიური აღწერილობა იყო წარდგენილი.

გვარამიას თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთმა „ისკანდერი“ პირველად გამოიყენა ღია საბრძოლო მოქმედებებში - კერძოდ, ფოთის პორტისა და ნავთობსადენის წინააღმდეგ, რის გამოც თავდაპირველად რაკეტა მის წინამორბედ „ტოჩკა-უ“-დ მიიჩნიეს. პოლიტიკოსის შეფასებით, სწორედ ამ სიახლის გამო არსებობდა ამერიკული მხარის ინტერესი რუსული საბრძოლო ტექნოლოგიის შესწავლის მიმართ.

ყველაფერი გამიგია ჩემ შესახებ, მაგრამ ის „ისკანდერი“ როგორ გავაქრე? - ოღონდ ამ სტუდიისხელა, სად უნდა გააქრო ის „ისკანდერი“?! ახლა დაასრულეს იმით, რომ ამერიკელებს მისცესო და ეს საყვედური შეიძლება იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ?! მთავარ მოკავშირეს გადასცე მთავარი მტრის ტექნოლოგია შესასწავლად - გიჟებთან გვაქვს საქმე და ქვეყნის მოღალატეებთან, აი, ეს არის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ.

ჩვენ ის პროცესი მოვიგეთ იმიტომ, რომ მტკიცებულება „ისკანდერის“ გვქონდა იქ მიტანილი - ამასთანავე, ტექნოლოგიური აღწერილობა იყო მტკიცებულებად, „ისკანდერები“ კი არ ჩააქვთ სტრასბურგში მტკიცებულებებად.

სარჩელიც ჩვენ დროს იყო დაწერილი და მტკიცებულებებიც - მაგ „ისკანდერის“ გამოკვლევებისა და ნამსხვრევების ჩათვლით. და კი, „ისკანდერი“ იყო გამოყენებული - გამოყენებული იყო ფოთის პორტის გასანადგურებლად და ნავთობსადენის გასანადგურებლად. თავიდან ფიქრობდნენ, რომ იყო ე.წ. „ტოჩკა-უ“, რომელიც წინამორბედი არის „ისკანდერის“. იმიტომ გვეგონა, რომ ჯერ „ისკანდერი“ საერთოდ არსად არ იყო გამოყენებული, საქართველოში გამოიყენეს პირველად ღია ომში და ამიტომ აინტერესებდათ, სავარაუდოდ, ამერიკელებს, რომ პირველი ხელმისაწვდომობა იყო რუსული საბრძოლო ტექნოლოგიის. და თურმე ჩვენი მთავარი მოკავშირისთვის, ვინც გააჩერა საქართველოში ომი, იმისთვის არ უნდა მიგვეცა ჩვენ ტექნოლოგია ჩვენი მთავარი და ერთადერთი მტრის.“- თქვა გვარამიამ. 

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ისკანდერის ფრაგმენტები მიხიელ სააკაშვილმა გადასცა აშშ-ს,  რათა შეესწავლათ.

მისი თქმით, ამით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს ინტერესზე არ იზრუნა, რათა ნივთმტკიცება ჰქონოდათ და ევროპულ სასამართლოებში დაემტკიცებინათ, რუსეთის მხრიდან ისკანდერით თავდასხმა.

 

მსგავსი სიახლეები