კახა კალაძე: ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით?

27.11.26 13:00
კახა კალაძე: ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით?

"ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარხმალს დავყრით, დავუწვებით?“ - ასე უპასუხა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ დასმულ კითხვას, სადაც მათ შორის კახა კალაძის სანქცირებაზეც არის საუბარი. 

თბილისის მერი დღეს ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები საინტერესო არ არის. ამის შემდეგ კალაძეს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ასეთი არასაინტერესოა ევროპარლამენტის რეზოლუციები, მაშინ რატომ გაიტანა მან და ხელისუფლებსი სხვა წევრებმა ევროპული ბანკებიდან?

„თქვენ რა გაინტერესებთ, ჩემს ფინანსურ ანგარიშებზე ღელავთ თუ რა?“ - უპასუხა "ოცნების" ლიდერმა "პირველებს".

„ევროპარლამენტის რეზოლუციები და განცხადებები ზოგადად საინტერესო არ არის. როგორ შეიძლება ვითხოვდე ადამიანების განთავისუფლებას, რომლებსაც უშუალოდ კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი. მაგრამ აქ მთავარი რა არის, რომ ამ ადამიანებს თვითონ ის ევროკავშირის წარმომადგენელი და სხვადასხვა ორგანიზაციები აგულიანებდნენ, აფინანსებდნენ, ხელს უწყობდნენ, რომ აი მაგალითად 8 ოქტომბრამდე ეს განცხადებები და კამპანია რას კეთდებოდა, რა თქმა უნდა ყველაფერი გარედან მართული და დაფინანსებული იყო.

ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. მეგობრობაც გვინდა, თანამშრომლობაც გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი.

ნახეთ, ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, ძაან მარტივად გეუბნებით რა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი ქმედებებით, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვიცავთ საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

  • ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების დაწესებას, მათ შორის, აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლისა თუ ტრანზიტის აკრძალვას, დემოკრატიულ უკუსვლაზე, კანონის უზენაესობის შელახვასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.

მსგავსი სიახლეები