მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს - კელი დეგნანი

14.12.21 20:10
მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის პროცესს დაასრულებს - კელი დეგნანი

აშშ სიამოვნებით დაუჭერს მხარს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში არსებული პოლარიზაციის დასრულებისკენ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეხმიანება, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა.

ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში არსებული ვითარება ძალიან კარგად აღწერა, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ სამიტზე თავის შესანიშნავი სიტყვით გამოსვლაში. მან დაასახელა გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც. მან მოუწოდა ინკლუზიური მმართველობისკენ, მოუწოდა პოლარიზაციის შემცირებისა და დიალოგისკენ, რომელიც მოემსახურება საქართველოში გაჯანსაღების პროცესს.

ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რაც მოემსახურება გამთლიანების პროცესს და ღრმა პოლარიზაციის შემცირებას, რაც ამ ქვეყანაში შეინიშნება ბოლო რამდენიმე წელია. ეს, ჩემი აზრით, არის შესანიშნავი ინიციატივა. პრეზიდენტმა წინ წამოსწია ეს ინიციატივა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა, კონსტიტუციით მინიჭებულ ფარგლებში. ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამგვარ ინიციატივას - განაცხადა კელი დეგნანმა.

10 დეკემბერს აშშ-ის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს „ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

მსგავსი სიახლეები