საოკუპაციო რეჟიმის ღია მუქარა - "ომის დანაშაულები ხანდაზმულობის მიუხედავად დაისჯება"

15.12.21 21:00
საოკუპაციო რეჟიმის ღია მუქარა - "ომის დანაშაულები ხანდაზმულობის მიუხედავად დაისჯება"

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მუქარა - სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, "ომის დანაშაულები ხანდაზმულობის მიუხედავად დაისჯება". 

განცხადებაში ოკუპანტების მიერ გატაცებულ კახაბერ ნათაძესა და  ვლადიმერ კანიაშვილზეც არის საუბარი. 

დე ფაქტო ცხინვალი საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავება.  სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთს მარიხუანაც აღმოაჩნდა. 

საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე, "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" და 229.1 - ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო. 

განცხადებაში არაფერია ნათქვამი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველ ჯარისკაცზე, მამუკა ჩხიკვაძეზე, თუმცა სავარაუდოდ, ომის დანაშაულების შესახებ ჩანაწერში რეჟიმი მასაც მოისაზრებს.

იმ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში ნაციონალისტურ და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენლობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები უნდა იყოს და იქნება დასჯილი, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სუსმა ინფორმაცია „ცხელი ხაზით“ მიიღეს. საქართველოს ორივე მოქალაქე 10 დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ წინაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. 

რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძეს ის რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდუინარე კვირას გაიტაცეს. ჩხიკვაძე ყოფილი ძალოვანია და დიდი ალბათობით, მას ცხინვალის რეჟიმისგან არაადამიანური მოპყრობა და წამება ემუქრება.

მსგავსი სიახლეები