პრეზიდენტის საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ, ემოციურად გამიჭირდება - ელენე ხოშტარია

16.12.21 13:21
პრეზიდენტის საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ, ემოციურად გამიჭირდება - ელენე ხოშტარია

,,დროას" ლიდერი პრეზიდენტის მიწვევაზე უარს აცხადებს და ათონელის რეზიდენციაში დღეს გასამართ პოლიტიკოსთა შეკრებაზე მისვლას არ გეგმავს.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისთვის ემოციურად ძნელია ურთიერთობა ,,ოცნების" წევრებთან, რომლებიც საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური დაჭერების ინიციატორები არიან.

მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი. საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ (ჯერ სახლისთვისაც ვერ მიყიდია ნაძვის ხე). ჯერ ერთი, ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გამიჭირდება საახალწლო წვეულებისთვის შესაფერის განწყობაზე ვიყო და იქ, ვითომც არაფერი, ისე ვიყო. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან. შეუძლებელია, ეს შევძლო დაჭერების ფონზე. დღეს თან მთელი დღე სასამართლოა და აქედან რომ იქ წავიდე, უბრალოდ არ შემიძლია. ასევე, პრაგმატულად არასწორი მგონია პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ. ეს ჩემთვის თამაში გამოვა და არასწორ პროცესში შესვლა, იმიტაცია "ნორმალურობის" და არა ნორმალური სიტუაცია რეალურად. - აცხადებს ელენე ხოშტარია.

,,დროას" ლიდერის განმარტებით, მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრება პოლარიზაციის დასრულების გეგმებზე და სხვა დროს, როცა საქმიანი პროცესი იქნება, მასში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ. ასევე, არ ვაპირებ თავს დავესხა იმათ, ვინც ოპოზიციიდან წავა. დარწმუნებული ვარ, საზეიმოდ არ მიდიან და სწორი ჰგონიათ ასე. - წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.

პრეზიდენტმა გუშინ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს საახალწლო მოსაწვევი გაუგზავნა და ათონელის რეზიდენციაში დღეს სადღესასწაულო მიღებაზე ელოდება. 

მსგავსი სიახლეები