ივანიშვილი მირეკავდა, ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნიდა - სკანდალური ჩანაწერი ხაზარაძის ტელეფონში?!

16.12.21 22:52
ივანიშვილი მირეკავდა, ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნიდა - სკანდალური ჩანაწერი ხაზარაძის ტელეფონში?!

"ლელოს" ლიდერის სკანდალური ინტერვიუ "ტვ პირველს" - მამუკა ხაზარაძემ "რეაქციაში" სტუმრობისას დღეს პირველად თქვა, რომ მას "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს. 

2018 წლის მაისამდე მქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან - ვურეკავდი, მირეკავდა და ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნიდა, მეც ვპასუხობდი და ასე შემდეგ" - უთხრა ჟურნალისტს მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, შენახული აქვს თუ არა ეს აუდიო ფაილები, ოპოზიციონერმა საუბრის დასაწყისში თქვა: "ალბათ არის, მუსიკა ხომ არ არის, თავიდან მოუსმინო".

ინტერვიუს ბოლოს კი ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ საერთაშორისო დონეზე საჭირო გახდება მსგავსი გამოძიება, ვალდებულია, ჩანაწერები მიაწოდოს.  მისივე სიტყვებით,  აღნიშნული ჩანაწერები ფასეულია.

გარდა ამისა, დიანა ტრაპაიძის ერთ-ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე - კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პრემიერთან, ისე ჰქონდა, თუ თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ხორციელდებოდა ზარები, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა - "ყველანაირ ივანიშვილთან მქონდა კომუნიკაცია".

"თი ბი სი" ბანკის დამფუძნებელი ივანიშვილთან 2017 წელს გამართულ შეხვედრასაც იხსენებს, როცა მისი თქმით, ოლიგარქმა პირადად უთხრა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენებულიყო. 

მითხრა, რომ პორტი არ უნდა აშენებულიყო, მითხრა ისიც, რომ აქ ამერიკელებს რა უნდაო და ასე შემდეგ... ჩვენ არ დავუჯერეთ ბატონ ბიძინას და გავხსენით ანაკლიის მშენებლობა 2017 წელის ბოლოს.

როცა იგი 2018 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა, გახდა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, აშშ-ში გაფრინდა. მე ვარ ლონდონში და მაქვს სერიოზული კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან. პირველი მას შევთავაზე, ყოფილიყო ანაკლიის თანადამფუძნებელი, რაზეც უარი თქვა. მე პირველი, სასიხარულო წერილი სწორედ ბიძინა ივანიშვილს მივეწერე - ბატონო ბიძინა გილოცავთ, 400 000 000 $ -ს მოვაწერე ხელი - ანაკლიის დაფინანსებას, 4 ყველაზე მსხვილ ბანკთან. პასუხად მივიღე "ok" და თურმე იმ დღეს გიორგი კვირიკაშვილის გადაყენება მიდის" - განაცხადა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, ბოლო კომუნიკაციიდან ორ დღეში კვლავ მისწერა ივანიშვილს, რომ მასთან შეხვედრა სურდა, რომ ლონდონში მიღწეული შეთანხმების დეტალები მოეყოლა, თუმცა "ლელოს" ლიდერის თქმით, "ქართული ოცნების" მაშინდელი თავმჯდომარისგან არანაირი პასუხი არ მიუღია და მასთან ურთიერთობა გაწყდა. 

ამის შემდეგ, დაახლოებით 2 კვირაში, ჩემ კომპანიაში ყველა მაკონტროლებელი ორგანოს შემოსვლა იწყება" - თქვა ხაზარაძემ.

"ლელოს" ლიდერმა "რეაქციაში" ახსნა ისიც, რატომ აყენებდა საქმის კურსში ივანიშვილს ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ მაშინ, როცა ის არანაირ თანამდებობას არ იკავებდა. 

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილი, როდესაც არ იყო პარტიის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ოფისში არაფორმალურ თათბირებს ატარებდა, რომელსაც მინისტრები და პრემიერებიც კი ესწრებოდნენ". მეტიც, ხაზარაძის თქმით, ასეთ შეხვედრას თავადაც დასწრებია. 

მისივე განცხადებით, ანაკლიის პროექტს ორი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ბახტაძის, თანამდებობა შეეწირა და ის, რაც არ გააკეთეს მათ, გიორგი გახარიამ შეასრულა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები