პარლამენტში იუსტიციის მინისტრს ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება
იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ელოდებიან. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე დასწრებას ოპოზიციას გეგმავს. ხელისუფლების ოპონენტებს იუსტიციის მინისტრთან მწვავე შეკითხვები მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან და მისდამი არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით ექნებათ.
ბოიკოტის რეჟიმში რჩება "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც პარლამენტში მისვლას არ აპირებს.
ნორმალურ, სამართლიან ქვეყანაში ბრეგაძეს კითხვებს უნდა უსვამდეს პროკურატურა იმ დანაშაულებების შესახებ, რომელიც მან ჩაიდინა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით და სხვა დანაშაულები, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პენიტენიცურ დაწესებულებაში, რომელზეც ყველამ დაადასტურა, რომ საქმე გვქონდა არაადამიანურ მოპყრობასთან, წამების ტოლფას მოპრობასთან და ბუნებრივია, ამის პოლიტიკური დამკვეთი და შემსრულებელი იყო რატი ბრეგაძე. ამიტომ ჩენ არ ვაპირებთ აი, ამ დადგმულ სპექტაკლში, სამთავრობო მოსმენების ფარგლებში ამ საკითხის განხილვას, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ბეჟაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის გლდანის N 18 -ე დაწესებულებაში გადაყვანის კადრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაშიც მოხვდა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაარღვიეს და ჯარიმაც დაეკისრათ.