სკანდალური ჩანაწერი - როგორ ემუქრებიან პოლიციელები მოქალაქეს ნარკოტიკების ჩადებით
პოლიციიდან ფარულმა ჩანაწერებმა გამოჟონა - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სკანდალური აუდიო-ფაილების მიხედვით დგინდება, როგორ ემუქრებიან პოლიციელები მოქალაქეს ნარკოტიკების ჩადებით და ქვეყნის დატოვებას აიძულებენ.
სკანდალური ჩანაწერების მიხედვით, ნარკოტიკების ჩადებით და ციხეში მრავალი წლით გაშვებით ყოფილ პატიმარს პოლიციის შენობაში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ემუქრებიან. აუდიო-ფაილი, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ვაკე საბურთალოს სამმართველოს მე-2-ე განყოფლებაშია ჩაწერილი.
32 წლის რეზი ანთიძე განყოფილებაში 2020 წლის აგვისტოში გამოიძახეს. ის ციხიდან რადენიმე დღის გამოსული იყო. სასჯელს 6 წლის განმავლობაში გლდანის ციხეში ნარკოტიკების შენახვა-შეძენის ბრალდებით იხდიდა. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ის პოლიციაში ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის, გრიგოლ ბესელიას ბრძანებით დაიბარეს, სადაც არსებული ინფორმაციით, ვაკის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა შეხვედრაზე ანთიძეს პირდაპირ უთხრა, რომ მისთვის ნარკოტიკების ჩადება გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუმცა გეგმა სისრულეში გავლენიანი ნაცნობების ჩარევით ვერ მოიყვანეს, ამიტომ პოლიციაში მისულ კაცს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
"ჩათვალე გელაპარაკება მინისტრი, ვერავინ გიშველისო"- აცხადებს ანთაძე.
მეტიც, მოპოვებული აუდიო-ჩანაწერების მიხედვით, პოლიციელი ანთაძეს პირდაპირ ეუბნება, რომ მის დაკავება არ დაკავებაზე ვაჭრობა მიდოდა.
მოქალაქე ამტკიცებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მას ქვეყნის დატოვების გზაც თავად შესთავაზეს. სამართალდამცველები ყოფილ პატიმარს თურქეთის ან სომხეთის საზღვარზე გადაყვანას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მანქანით სთავაზობდნენ, თუმცა მისივე თქმით, საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა.
"შაბათის ეთერთან" ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, თბილისიდან ნამდვილად წავიდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თვეების განმავლობაშ იმყოფებოდა.
მისი მონათხრობის თანახმად, დედაქალაქში იმ დროს დაბრუნდა, როდესაც გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა. ანთაძის თქმით, ამ დროს მიიღო გზავნილი მმართველი პარტიიდან, რომ ხელისუფლებას ის საბურთალოზე ქუჩის "დასალაგებლად" სჭირდებოდა.
ყოფილმა პატიმარს, რომლსაც როგორც ჩანს, კრიმინალურ წრეებში გარკვეული კავშირები და გავლენები აქვს, არჩევნებში დახმარებაზე ხელისუფლებას უარი უთხრა, ამ უარიდან რამდენიმე დღეში კი მის სახლთან ისევ გრიგოლ ბესელიას დაჯგუფება გამოჩნდა. მას პოლიციამ ისევ თბილისი დატოვება მოსთხოვა და ვადაც მისცა, ანთაძემ პოლიციელების დირექტივა შეასრულა.
რამდენიმე კვირის წინ, რეზი ანთაძე თბილისში ისევ დაბრუნდა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ახლა მის სახლთან გრიგოლ ბესელიას დაჯგუფებას მორიგეობა აქვს დაწესებული. გრიგოლ ბესელია მის წინააღმდეგ ახალ სპეცოპერაციას ამზადებს.
იძულება, ნარკოტიკების ჩადების მუქარა და მტკიცებულების ფალსიფიცირება - აუდიოჩანაწერი, რომლიც რეზი ანთაძემ გაასაჯაროვა, უმძიმესს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "შაბათის ეთერი“ კითხვების მისაღებად გრიგოლ ბესელიასთან მივიდა, თუმცა ის ჟურნალისტებს არ შეხვდა.
ცნობისთვის, ბესელია წინა ხელისუფლების დროს, ვანო მერაბიშვილის პოლიციის მთავარი სპიკერი იყო და მინისტრ მერაბიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.
იხილეთ მარიამ გაფრინდაშვილის ხმაურიანი რეპორტაჟი: