ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოზურგეთის მერის თანაშემწეს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის, თანაშემწეს, არჩილ ყაზაიშვილს, რომელიც ორი დღის წინ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, წინასაპატიმრო გირაო შეეფარდა. თანხა 10 000 ლარით განისაზღვრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყაზაიშვილი ციხეს აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
დაკავებული ამჟამად ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი. მისი უფლებადამცველის, მერაბ ფუტკარაძის თქმით, ყაზაიშვილს მედიასთან კომუნიკაცია არ სურს და კომენტარის გაკეთება მასაც აუკრძალა.
თავად ყაზაიშვილის მეუღლე, ნაზი ფუტკარაძე, ამბობს, რომ მეუღლის მხრიდან ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც გამვლელმა პოლიციაში დარეკა, რამაც საბოლოო ჯამში ყაზაიშვილის დაკავება გამოიწვია.
"ცრუ ბრალდებაა., არანაირი ძალადობა არ ყოფილა", _ თქვა ფუტკარაძემ.