საშინელი სურათი დაგვხვდა, კაცი მანქანასთან ეგდო - ქორწილში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

03.02.22 13:25
საშინელი სურათი დაგვხვდა, კაცი მანქანასთან ეგდო - ქორწილში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

სისხლიანი გარჩევა ქორწილში - პოლიციას ამ დრომდე არ დაუკევებია მოძალადეები, რომლებიც ნოდარ მამედოვსა და მის 30 წლის ძმიშვილს, ისრაელ მამედოვს სასტიკად გაუსწორდა. 

"ტვ პირველმა" მუსტაფაევები ჩაწერა, სადაც ქორწილი გაიმართა. ოჯახი ამტკიცებს, რომ მომხდართან მათ კავშირი არ აქვთ, და უგონო მდგომარეობაში მყოფი მამედოვები მოგვიანებით იპოვეს. 

სახლში გვქონდა სუფრა გაშლილი აღვნიშნავდით შვილის ქორწილს. გვიან გავიგეთ ხმა ჩხუბის, გამოვედით და აქ, ამ ადგილას ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა. ნოდარი მანქანასთან ეგდო. ვინ ჩააგდო ამ მდგომარეობაში მართლა არ ვიცით. უამრავი ადამიანი იყო ქორწილში, ახალგაზრდები გარდაბანიდანაც იყვნენ ჩამოსულები. პოლიციამ წაიღო ქორწილის ვიდეომასალა და იქ კარგად ჩანს ყველა"- აცხადებს სიძის ოჯახი. 

ქორწილში ნაცემები კი პოლიციას დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებენ. დაშავებულთა ახლობლები "პირველებთან" ყვებიან, რომ ერთ-ერთის მეუღლეს გარდაბნის პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, თუ რატომ გაახმოვანეს ქორწილში მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

გარდაბანში ერთი ოჯახის ოთხ წევრს სასტიკად გაუსწორდნენ, მათ შორის ერთი სამი წლის ბავშვია. მესამე დღეა სასტიკად ნაცემი ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაშია და ექიმები მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. სისხლიან გარჩევაში მონაწილე ყველა დამნაშავე პოლიციას იდენთიფიცირებული ჰყავს, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

პოლიცია "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეზე, ჯერჯერობით, არავინაა დაკავებული.