ადამიანურად ემოციური იყო - უკრაინის რადაში "ლელოს" ლიდერების შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციის ლიდერები უკრაინაში - "ლელოს" ლიდერებმა რადაში შეხვედრები გამართეს. როგორც "ტვ პირველს" პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა, შეხვედრა ძალიან ემოციურ ფონზე წარიმართა:
შევხვდით სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებს. გარდა იმისა, რომ ჩვენი ვიზიტით ძალიან მადლიერები არიან, ეს იყო ადამიანურად ემოციური შეხვედრა. მე ვნახე პატრიოტი უკრაინელები, ხალხი, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს. თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენს, ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, მთავარი თხოვნა იყო - ვისაუბროთ სიმართლე, სიმართლე არის ის, რომ რუსეთის ჯარი მომდგარია, ქვეყანაში ნამდვილად კრიტიკული სიტუაციაა, მაგრამ ამას ისინი ძალიან მედგრად ხვდებიან"- განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერის თქმით, უკრაინელ კოლეგებთან ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის თანამშრომლობის ფორმატი და ამ გაერთიანებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რადაში ეკონომიკური საკითხებზეც გამახვილდა ყურადღება, დაიგეგმა ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენების შეხვედრაც:
ვისაუბრეთ ეკონომიკაზე, რადგან ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად ურტყამს ეკონომიკას. ის პოლიტიკოსები რომლებიც მაგიდასთან ისხდნენ, ძალიან კარგად, ძალიან კარგად ესმით ინვესტიციების მნიშვნელობა. ამ საკითხზეც დავგეგმეთ ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენების შეხვედრა"- აღნიშნა მან.