5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები არგუმენტად ღარიბაშვილის განცხადებას იყენებენ - DRI-ის ანგარიში
5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები არგუმენტად ღარიბაშვილის განცხადებას იყენებენ - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელი იყო. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მონიტორინგისას სავარაუდო მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაციაც სწორედ ღარიბაშვილის განცხადებას ემყარებოდა, რომ „სახელმწიფოს პოზიცია და ნება განცხადებული ჰქონდა“ და, შესაბამისად, „ღირსების მარშის“ კონტრაქციაში მონაწილეობა გამართლებული იყო, - წერია განცხადებაში.
ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული. DRI-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, სასამართლო სხდომებზე ორგანიზატორების რანგში რამდენჯერმე გაიჟღერა ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე (კოკა) მორგოშიას სახელებმა.
2021 წლის 5-6 ივლისს „სიძულვილის ჯგუფების“ მიერ ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა: საჯაროობისა და მოქალაქეთა დასწრების პრობლემა, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხრიდან გამოვლენილი სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკა და დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვის პროცესში დამაშინებელი და მტრული გარემოს არსებობა.
საქმეების სასამართლო განხილვა გრძელდება, შესაბამისად, მონიტორინგის წინამდებარე დოკუმენტი შემაჯამებელ ანგარიშს არ წარმოადგენს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განაგრძობს 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების შედეგებზე დაკვირვებას.
ნახეთ 5-6 ივლისის საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის პირველადი ანგარიში