რუსეთის პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა - პრეზიდენტის გზავნილი

04.02.22 00:09
რუსეთის პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა - პრეზიდენტის გზავნილი

"დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა" - განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა. 

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ კარგად ესმის რას გრძნობს დღეს უკრაინა:

მინდა, ქვეყნის სახელით გამოვხატო სრული სოლიდარობა მეგობარი უკრაინის მიმართ...ჩვენი სოლიდარობა არაა სიტყვიერი სოლიდარობა. ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა და განიცდის ოკუპაციას"- თქვა მან.

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, პრეზიდენტი არ მორიდებია იმის თქმას, რომ უკრაინასთან მიმართებით, სახეზეა რუსეთის მხრიდან აგრესია:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გაგვეცვალა ინფორმაცია იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც არის უკრაინის მდგომარეობა და უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან.

ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, კიბერშეტევები, სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე თუ შავ ზღვაზე ძალების გააქტიურება, არის ნიშნები იმისა, თუ რამდენად არის რუსეთის პოლიტიკა გადასვლა პროვოკაციაზე. ამაზე მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რათა დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს"- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრთხე მთლიანად ევროპას ემუქრება:

რეალურად საფრთხეები ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოება.

ჩვენი სოლიდარობა, სხვათა შორის, არაა მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა, ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც უკვე განიცადა და განიცდის დღემდე ოკუპაციას და ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას მთლიანად ვიზიარებთ", - თქვა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.