შევიდა ოპერატიული ჯგუფი და იცნეს პრეზიდენტი.. ყველას გაუკვირდა - გამომძიებელი სააკაშვილის დაკავებაზე

04.02.22 16:07
შევიდა ოპერატიული ჯგუფი და იცნეს პრეზიდენტი.. ყველას გაუკვირდა - გამომძიებელი სააკაშვილის დაკავებაზე

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის რამდენიმე მოწმე გამოკითხეს. ერთ-ერთი მოწმე თბილისის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი, იოსებ დიღმელაშვილი იყო, რომელმაც ელგუჯა ცომაიას ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა.

დიღმელაშვილმა პროცესზე ის ეპიზოდი აღწერა, რომელიც ცომაიას ბინაში მესამე პრეზიდენტის დაკავებას შეეხებოდა. პოლიციის თანამშრომლის თქმით, ისინი ბინაში იარაღის ამოსაღებად მივიდნენ, რომელიც ცომაიამ სახლში შესვლის შემდეგ მათ ნებაყოფლობით ჩააბარა, თუიმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ იქ ექსპრეზიდენტს ნახავდნენ.

ელგუჯა ცომაიამ სახლის კარები რომ გააღო, დერეფანში დავინახეთ მიხეილ სააკაშვილი. შევიდნენ ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც ფეხდაფეხ ჩვენც შევყევით. შესაბამისად, იცნეს მათ პრეზიდენტი... ყველას გაუკვირდა რა თქმა უნდა, თავად მეც გამიკვირდა- თქვა პროცესზე გამომძიებელმა. 

ადვოკატის კითხვაზე,  ხომ არ გაუწევია მიხეილ სააკაშვილს სამართალდამცველებისთვის რაიმე სახის წინააღმდეგობა, გამომძიებელმა თქვა, რომ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.

ბატონო მიხეილ, პოლიციიდან ვართო და ბატონმა მიხეილმა, ხო, ნუ, რა ვქნა, იყავითო. მეტი არაფერი, - თქვა გამომძიებელმა.

 საქალქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის კვეთის საქმე განიხილა.  ამავე საქმეზე მომდევნო პროცესი 24 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.