ქართული პროდუქტები რუსულ ბაზარზე - საქართველოს მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია

07.03.22 13:24
ქართული პროდუქტები რუსულ ბაზარზე - საქართველოს მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია

საქართველოს მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია. ეკონომიკის მინისტრი სამთავრობო ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ რუსეთში რძისა და ყველის გაყიდვაზე მოლაპარაკებები ქართულმა კომპანიებმა დაიწყეს და არა სახელმწიფომ, თუმცა ღარიბაშვილს გუნდს უჭირს ახსნა - თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ იყო ჩართული სავაჭრო ურთიერთობების მოგვარებაში, რა უნდა ზურა ჩეკურიშვილს დიალოგის მაგიდასთან.

2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ომის პირობებში საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიებისგან. ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილი იყო 2020 წელს, 20-დან დღემდე ამაზე პასუხი არ არ ყოფილა, პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც რუსულმა მხარემ გადაწყვიტა და განაცხადები, რომლებიც მათ ჰქონდათ, ამ განაცხადებზე შესაძლოა, ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა. ეს არის კონკრეტული ფაქტი.  დანარჩენი, ვიღაცეები რაღაცებს ამბობენ, არ მაინტერესებს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, კერძო პირია, დავასრულოთ" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კი განახადა, რომ რუსეთის ბაზარზე 15 ქართული კომპანიის პროდუქტის ექსპორტის დაშვება მათთვის "შესაძლებლობაა".

2020 წელს დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ამის შემდეგ ჩვენ გარკვეული ინფორმაციის და დოკუმენტების მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ცხოველური წარმოშობის სურსათის ეს ბაზარი", განაცხადა შამუგიამ.

სკანდალში გახვეული ჩეკურიშვილი, რომელმაც პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა,  დილიდან იმალება, მას ტვ პირველისგან ისევ დაცვის პოლიცია იცავს. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღარიბაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ რუსეთში რძე და ყველი გაიტანოს, დაუშვებელს უწოდებს.

"როცა უკრაინაში ომია, რაკეტებით და ბომბებით მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, რუსეთის დახმარება და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა მიუღებელია" - წერს ოფიციალური კიევი საქართველოს ხელისუფლების მისამართით.