ახალი რეპრესიები ხელოვანებს - წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორობიდან გაათავისუფლა

15.03.22 11:51
ახალი რეპრესიები ხელოვანებს -  წულუკიანმა გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორობიდან გაათავისუფლა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

სამინისტროში მიზეზად აუდიტის დასკვნას ასახელებენ. თუმცა სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეალურად გათავისუფლების მიზეზი რეპრესიები გახდა. მათი თქმით, წულუკიანს სურს კინო სფერო მისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. 

აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი, გაგა ჩხეიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, მისი საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე, კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებებს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე განახორციელებს,“ – წერია აუდიტის განცხადებაში.