ვიმეორებ, საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს - ირაკლი კობახიძე
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალოს და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების მომხრე ქვეყნებს შეუერთდეს.
მისი მტკიცებით, ,,ნაცმოძრაობა" "მის მიერ დაქირავებული ლობისტებისა და კუთვნილი ტელევიზიების" საშუალებით ცდილობს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას პოპულარიზაცია გაუწიოს.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, ომის პარტია - ,,ნაცმოძრაობა" ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს ღია სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თაობაზე, თუმცა ყველა მათი პროვოკაცია ზუსტად ამისკენაა მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილება, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში. ეს კი საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე შედეგის მომტანი იქნება. აღსანიშნავია, რომ სანქციების მიმართულებით ,,ნაცმოძრაობასთან" ერთად მათ უცხოელი ლობისტებიც ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში ,,ნაცმოძრაობის" კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი რამდენიმე ლობისტის განცხადება, რითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ - აცხადებს კობახიძე.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოფიციალური კრემლისთვის სანქციები არც ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელ ხელისუფლებას, არც დანარჩენ მსოფლიოს არ დაუწესებია, როცა რუსეთი 2008 წელს თავს დაგვესხა, მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20% და უდიდესი ზიანი მოგვაყენა.
გვინდა, შეგახსენოთ, 2008 წლის აგვისტოს ომის ფონზე რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დაიბომბა ქართული ქალაქები, სოფლები, განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ამის მიუხედავად სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, ხელისუფლებაში მყოფმა ,,ნაცმოძრაობამ" 2010 წელს შემოიღო სრულიად უვიზო მიმოსვლა რუსეთთან და გააფართოვა სავაჭრო ურთიერთობები. - თქვა ირაკლი კობახიძემ
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ შეიცვლება და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარს არასდროს დაუჭერენ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს, საკუთარ ქვეყანას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.
ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უცვლელია და მას ვერავითარი პროვოკაცია ვერ შეგვაცვლევინებს - ვიმეორებ, საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.