ბათუმის ბულვარის დირექტორმა სამსახურიდან გათავისუფლება ტელევიზიით გაიგო

12.04.21 23:59
ბათუმის ბულვარის დირექტორმა სამსახურიდან გათავისუფლება ტელევიზიით გაიგო

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა. ჯინჭარაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია  ტელევიზიით შეიტყო.

მისი თქმით, ის მომხდარს  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ კრიტიკულ განცხადებას უკავშირებს. ჯინჭარაძე თვლის, რომ აუდიტის დასკვნა არაფერ შუაშია და დარწმუნებულია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება მის  პოზიციებს უკავშირდება.

ჯინჭარაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ ის  ბრძოლას განაგრძობს და აქტიურად შეეწინააღმდეგება ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობების დაწყებას.

ცნობისთვის, ჯინჭარაძე „ბათუმი თაუერისთის“ პლაჟის ტერიტორიის  გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას ღიად შეეწინააღმდეგა. ამ ფაქტის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ,  ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადა.