ოზურგეთის მერმა საკუთარი ბიძაშვილის კომპანიას ტენდერის გვერდის ავლით 187 276 ლარი მისცა

13.04.21 10:12
ოზურგეთის მერმა საკუთარი ბიძაშვილის კომპანიას ტენდერის გვერდის ავლით 187 276 ლარი მისცა

ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მისი ბიძაშვილის კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვის წესით 187 ათასი ლარი გადაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. შარაშენიძის ბიძაშვილის, დავით გოგუაძის, კომპანიას 2013 წლიდან  658 ათასი ლარი აქვს მიღებული.

თავად კონსტანტინე შარაშენიძე არ უარყოფს, რომ მისმა ბიძაშვილმა თანხა ნამდვილად მიიღო. 

გოგუაძეს უნდა გაეკეთებინა ეგ სამუშაოები, შე შტერო, აბა სხვა ხო არ გააკეთებდა… დათოიე გოგუაძე ყველას უყვარს, აქანე ვინც არის”, – ასე უპასუხა საკრებულოში დასმულ შეკითხვას შარაშენიძემ.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2019-20 წლებში ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ 143,000 ლარის უძრავი ქონება იყიდა მაშინ, როცა მისი ოფიციალური შემოსავალი ამ წლებში მხოლოდ 56 500 ლარი იყო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  62 600 ადამიანიდან  ყოველი მე-6 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.