"დამსაჯეს" - ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებაზე

13.04.21 11:29
"დამსაჯეს" - ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებაზე

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ რეპრესიებს ასახელებს. ჯინჭარაძის თქმით, ის კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირების გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად აუდიტის კრიტიკული დასკვნა დასახელდა. ჯინჭარაძე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა გათავისუფლების მხოლოდ საბაბი იყო. 

2018 წელს დაწერილი დასკვნა არის. მის შემდეგ გავიდა წლები და რატომ მანდამაინც ახლა? რატომ ჩემი გამოსვლის შემდგომ? მრცხვენია, რომ მიწევს ასეთი საუბარი, მაგრამ მგონია, რომ ეს მათი დასასრულის დასაწყისია და არა ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ მე "ქართულ ოცნებას" ვგულშემატკივრობ. მათ თვითონვე შეუქმნეს "ოცნებას" პრობლემა. დღეს საჯარო მოხელეებს გამოვიდა, რომ უთხრეს, ფრთხილად იყავითო. გამათავისუფლეს თუ არა, ეგეც არ ვიცი, ბრძანება არ მინახავს. დამსაჯეს, კი დამსაჯეს, - ამბობს ჯინჭარაძე. 

ჯინჭარაძე პოსტიდან გუშინ გაათავისუფლეს და მან ამის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. ჯინჭარაძე „ბათუმი თაუერისთის“ პლაჟის ტერიტორიის  გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას ღიად შეეწინააღმდეგა. ფაქტის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ,  ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობებზე მორატორიუმი გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები