ხელისუფლება შეიცვლება, იფიქრეთ თქვენს რეპუტაციაზე - ნიკა მელია მოსამართლეს

13.04.21 12:50
ხელისუფლება შეიცვლება,  იფიქრეთ თქვენს რეპუტაციაზე - ნიკა მელია მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ნიკა მელია ესწრება.

ოპოზიციის ლიდერმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა და მას "მოტივაციის მიცემისთვის" მადლობა გადაუხადა.

ყურადღებით გისმენთ! მადლობა ყველა გულშემატკივარს, მადლობას ვუხდი მოსამართლეს და პროკურორ გულაშვილს, მოტივაციას მაძლევთ"- მიმართა მელიამ მოსამართლეს. 

ენმ-ს თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელის, ივანე გულაშვილის დაკითხვა მოითხოვა: 

ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს.

როგორ შეიძლება იმ პირის დაკითხვა არ მოგინდეთ, ვინც თქვა, რომ მტკიცებულებები გააქრეს.  როგორ შეიძლება ახლა, თქვენ მოსამართლე ბრძანდებით, გინდოდეთ სიმართლის დადგენა და არ გაგიჩნდეთ სურვილი ამ ადამიანების დაკითხვის. ადამიანის დაკითხვა, რომელმაც თქვა, რომ დინამიკების კაბელები გადააჭრევინეს. 

თუ ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებთ, ყველასთვის ნათელი გახდება, რას ემსახურებით. რაც შეეხება კობახიძეს, სანამ მოსამართლევ, თქვენ აქ მსჯელობით, თურმე იმათ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ხომ თქვა ეს კობახიძემ, ხომ აღიარა?! თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ? ხელისუფლება შეიცვლება, ცვლილების პირას ვდგავართ. მომავალზე იფიქრეთ, რას იტყვიან 15-20 წლის მერე, ამ საქმეზე ხომ დადგინდება ჭეშმარიტება. ეს ხომ ლაქად გაგყვებათ?! კობახიძე მოწმის სახით რომ არ დაკითხოთ, თქვენს რეპუტაციას ხომ შებღალავს?!- განაცხადა მელიამ და დასძინა: "თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთგის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე".

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ ტელევიზიით აღიარებითი ჩვენება მისცა:

ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც."- დასძინა მელიამ. 

ნიკა მელიას სასამართლო 11:00 საათზე დაიწყო. დღეს გაირკვევა, მელია ციხეში დარჩება, თუ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება.