რომ არ დაკითხოთ, ლაქად გაგყვებათ - მელია კობახიძის დაკითხვას მოითხოვს
"რომ არ დაკითხოთ ლაქად გაგყვებათ" - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", ნიკა მელიამ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს. მელია მისი დაკავების საქმეზე "ოცნების" თავმჯდომარის დაკითხვას მოითხოვს. მელიას თქმით, დაკავების გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ მიიღო და ამას კობახიძის ის ინტერვიუ მოწმობს, რომელზეც კობახიძე მელიას დაკავებაზე საუბრობდა.
იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ჩემი უკანონო დაკავების თაობაზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება ჰქონდა, რომ მე ციხეში უნდა წავსულიყავი, იყო ეს ასე, თუ არ იყო? თქვა ეს კობახიძემ სიამაყით, ხომ აღიარა?! თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ? ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ცვლილებების პირას ვდგავართ, ამას შევეგუოთ, ქალბატონო, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხო შეიძლება, შევხედოთ, რას იტყვის თქვენი მეზობელი, ნათესავი, 20-25, თუ 15-20 წლის მერე როგორი მოსამართლე იქნებით , ამ საქმეზე ხომ დადგინდება ჭეშმარიტება? დავრჩები მე საპატიმროში, თუ არა, მაინც ხომ დადგინდება? ეს ლაქად ხომ გაგყვებათ? კობახიძემ აღიარა, რომ მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვა. ამიტომ კობახიძე მოწმის სახით რომ არ დაკითხოთ, ესეც თქვენს რეპუტაციას ხომ მინიმუმ შებღალავს?ეს ასე იქნება- ამბობს ნიკა მელია.
ნიკა მელიას ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის, დაცვის მხარე ერთ-ერთ მტკიცებულებად სასამართლოს ,,რუსთავის 2"-ის იმ გადაცემის განხილვას ითხოვს, სადაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, როგორ იგეგმებოდა "ქართულ ოცნებაში" ნიკა მელიას დაპატიმრება მაშინ, როცა სასამართლო პროცესი დასრულებული არ იყო.