პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ნიკა მელიას გათავისუფლება საკმარისი პირობა არ არის - ოპოზიცია

13.04.21 13:36
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ნიკა მელიას გათავისუფლება საკმარისი პირობა არ არის - ოპოზიცია

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, - ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლები  აცხადებენ. „ნაციონალური მოძრაობის„ წევრის, ხატია დეკანოიძის, თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. 

ჩვენი მოთხოვნები იმისთვის, რომ შეწყდეს ბოიკოტი ,არის იგივე და ეს არის ნიკას პოზიციაც. უნდა მოხდეს პოლიტაპტიმრების გათავისუფლება და ნიკა უნდა წარმოადგენდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ , თუ იქნება ასეთი მოლაპარაკებები, გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებზე, ან მისაახლოებელ გზებზე საუბარი,- ამბობს დეკანოიძე.

ამავე აზრს იზიარებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. 

ნიკა მელიას გათავისუფლება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ დაიწყოს განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის. სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის ასეთ სამარცხვინო საქმეზე,  ეს არის ყველაზე მსხვილი საკითხი, მაგრამ ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შემდეგ ყველა იმ ცვლილების გარეშე, რურუას გათავისუფლების გარეშე და პოლიტიკური დევნის გაჩერების გარეშე, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება, - აცხადებს გიგა ბოკერია.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, იხსენებს, რომ ერთწლიანი პატიმრობა ხელისუფლებამ მას შარშან ზუსტად ამ დღეს მიუსაჯა. მისი თქმით, „ოცნების“ ხელისუფლება წრეზე ტრიალებს და სწორი დასკვნების გაკეთება უჭირს.

ხედავთ, რამდენი პოლიციელის მობილიზება გახდა საჭირო. თითქოს ტერორისტს ასამართლებდნენ, ან ვინმე სამხედრო დამნაშავეს. შარშან ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს, ერთი წელი ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, თუ უფრო მეტი არა. დასკვნები ვერ გააკეთა ხელისუფლებამ და ხელისუფალმა,  ამ შემთხვევაში, ივანიშვილმა, სწორი, - ამბობს ოქრუაშვილი.

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი ოპოზიციონერი ლიდერის პატიმრობაში დატოვების საკითხს განიხილავს.